ჯანმო - მიმდინარე კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილი ვაქცინები 20 ქვეყანაში ჩაიტანეს
ჯანმო - მიმდინარე კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილი ვაქცინები 20 ქვეყანაში ჩაიტანეს

მიმდინარე კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილი ვაქცინები 20 ქვეყანაში ჩაიტანეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ამ კვირაში 20-მა ქვეყანამ 20 მლნ დოზა ვაქცინა მიიღო. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ვაქცინებს კიდევ 31 ქვეყანაში ჩაიტანენ.

„მომდევნო კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილ ვაქცინებს 31 ქვეყანაში მიიღებენ. კერძოდ, საუბარია 14,4 მილიონ დოზაზე“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პლატფორმა „კოვაქსით“ დარიგებული ვაქცინების რაოდენობა ჯერ კიდევ არც ისე დიდია. პირველ ეტაპზე, „კოვაქსის“ პლატფორმის წევრი ქვეყნები იმ რაოდენობის ვაქცინებს მიიღებენ, რაც მოსახლობის ორი-სამი პროცენტის ასაცრელად იქნება საკმარისი.

გებრეიესუსის თქმით, აუცილებელია „კოვაქსის“ პლატფორმის შესაძლებლობების გაფართოება, რისთვისაც საჭიროა ვაქცინების წარმოების გაზრდა და ექსპორტზე დაწესებული ბარიერების მოხსნა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია, თავად აწარმოოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, თუმცა ამისთვის აუცილებელია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აამოქმედოს წესი, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის დროს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა აუცილებელი არ იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 425 000 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 40 პროცენტი ევროპაზე მოდის, მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით არის სამხრეთ ამერიკა, ხოლო მესამეზეა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გლობალურად აღრიცხულია 115 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 2,56 მილიონი ადამიანი.

დატოვე კომენტარი