ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარ გამოსათხოვარ მატჩზე შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მიიღოს
ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარ გამოსათხოვარ მატჩზე შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მიიღოს

უეფამ  “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს მისსავე გამოსათხოვარ მატჩზე იტალიის ნაკრებში შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მისცეს, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport წერს. ამხანაგური მატჩი ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 4 ივნისს, “იუვენტუსის” სტადიონზე გაიმართება.

ცნობილია, რომ უეფამ 40 წლის მეკარის მიმართ დისციპლინარული საქმე აღძრა “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალის შემდეგ.  სკანდალით  დასრულებულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ბუფონი იყო. მის კარში პენალტის დანიშვნის შემდეგ, მეკარე მსაჯს მივარდა და წითელი ბარათი მიიღო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროთასებზე ბუფონის დისკვალიფიკაციას აზრი არ აქვს, რადგან დიდი ალბათობით, ვეტერანი ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს კარიერას. ამიტომაც, უეფა მეკარის დისკვალიფიკაციას გარკვეული დროის პერიოდში აპირებს, რომელიც საერთაშორისო მატჩებს მოიცავს.

ბუფონის საქმე 31 მაისს უნდა განიხილონ.