ჯანი ბუკიკიო - ვენეციის კომისია სწრაფად შეასრულებს ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოვთქვათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით
ჯანი ბუკიკიო - ვენეციის კომისია სწრაფად შეასრულებს ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოვთქვათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო თხოვნა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს სრული შემადგენლობა“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.