ჯანი ბუკიკიო - საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია
ჯანი ბუკიკიო - საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია

საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოს პარლამენტის სამ წევრთან, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობას, რაც უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. ეს თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში წამოვიწყეთ. შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია, რადგან თქვენმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა არაერთხელ მოითხოვა ჩვენი რეკომენდაციები“, – აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტმა კომისიისგან მოითხოვა ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და კომისია უკვე ამზადებს პროექტებს.

„პირველი ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ შევთანხმდით პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ამ რეკომენდაციის პროექტს ვენეციის კომისიის მიერ მის დამტკიცებამდე გავაგზავნით, რაც სავარაუდოდ თებერვლის მეორე ნახევარში მოხდება. მეორე რეკომენდაცია ეხება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს. ამ შემთხვევაში ჩვეულ პროცედურას მივსდევთ და რეკომენდაციას დავამტკიცებთ 19-20 მარტს. სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩავალთ საქართველოში, რათა შევხვდეთ მთავრობას, პოლიტიკურ ძალებს და სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გვექნება ონლაინდისკუსიები მათთან, რათა უკეთ დავინახოთ სრული სურათი“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

დატოვე კომენტარი