ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ​ჯანდარის ტბასთან იმყოფობიან დაკარგული მამაკაცების ახლობლებიც. ისინი საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები დინებამ აზერბაიჯანის მხარეს წაიყვანა.

ერთ-ერთი დაკარგულის, 27 წლის გიორგი ქველაძის ოჯახის წევრები შესაბამისი სამსახურებიდან სწრაფ რეაგირებას და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს ითხოვენ, რათა სამძებრო სამუშაოები საზღვრის მეორე მხარესაც გაგრძელდეს. დაკარგულის და ამბობს, რომ ბოლოს ოჯახთან დარეკვას მისი ძმა რამდენიმე საათის წინ ცდილობდა, თუმცა ტელეფონი კავშირის შეფერხების გამო საუბრის ხმა არ ისმოდა

ტბაზე სულ სამი მამაკაცი იყო. მესამე ახალგაზრდა კაცი ნაპირზე დარჩა. მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ გაიტაცა ნავი დინებამ და დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართა.

ამასთან, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა. ​შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

„ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ საქმეზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები“,- ნათქვამია განცხადებაში.