ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო
ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

ჯანდარის ტბაზე მუშაობენ ამავე სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატარღების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობა ასევე განაახლა ვერტმფრენმა.

ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად.

შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი