ჯანდაცვის სამინისტროსთან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროსთან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსთან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური შეხვდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. მათი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ შეხვედრის გადაღების უფლება არ მისცეს.

„ჩვენ ვითხოვდით მინისტრთან შეხვედრას, რათა მისთვის გვეთქვა, რომ ის ვერ მართავს პანდემიას, აეღო პასუხისმგებლობა ამაზე და გადამდგარიყო. მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დაგვთანხმდა შეხვედრაზე და ოთხი წარმომადგენელი შევედით მასთან შესახვედრად. დავაყენეთ მოთხოვნა, რომ შეხვედრას დასწრებოდნენ ჟურნალისტები, ან მოეცათ ტელეფონით გადაღების უფლება, რაზეც მინისტრის მოადგილემ განგვიცხადა კატეგორიული უარი. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, დემონსტრაციულად დაგვეტოვებინა შეხვედრა. შესაბამისად, შეხვედრა ჩაიშალა, ვინაიდან გვაქვს გამოცდილება მთავრობის მხრიდან უტრირებული ტექსტებისა. გავაგრძელებთ აქციებს, მოთხოვნები იქნება კატეგორიული. ასევე, გავაგრძელებთ ღამის გათენებას პარლამენტის წინ“, – განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა, ლაშა ხუსკივაძემ.