ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა
ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.

თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

როგორც აღინიშნა, მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი და რუკა.

„ორი წლის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეგვესწავლა ჩვენი მოქალაქეების ყველა საჭიროება და ამ საჭიროებებზე ადაპტირებული მოქალაქეების მისაღები გაგვეკეთებინა სამინისტროში. სწორედ ამ მისაღების ბაზაზე ჩვენი მოქალაქეები უკვე ორშაბათიდან მიიღებენ ყველა იმ საჭირო მომსახურებას, რაც მათ ჩვენი სფეროს მიმართულებით ესაჭიროებათ, იქნება ეს ჯანმრთელობის, სოციალური, რეგულირების სფერო. ერთი ფანჯრის პრინციპი იქნება დაცული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სივრცე მოწყობილია ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც შეიძლება, შშმ პირებს გააჩნდეთ, აქტიური რუკა და სხვადასხვა დონიანი პანდუსები. ჯანდაცვის სამინიტროს გარკვეულწილად გააჩნია ვალდებულება, საზოგადოებაში წარმოადგენდეს მაგალითს, თუ როგორი სივრცეები ესაჭიროებათ ჩვენს ყველაზე მაღალი საჭიროების მქონე პირებს, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მომსახურების ცენტრის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით გადამზადდნენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებსაც მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ.

იზრდება სამუშაო საათებიც. კვირის დღეებში, ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 – დან 14:00 საათამდე მოემსახურება.