ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინისტროს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები იმსჯელებენ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი ვირუსის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მინიმალურია.

„დღეს გაიმართება შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც განიხილება ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით რა ზომები არის მისაღები. ექსპერტები წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს, არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე​ პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

დატოვე კომენტარი