ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში 5 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვების დანერგვა, სოციალური მომსახურების საააგენტოს რეორგანიზაცია არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი.

შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში უმასპინძლა, რათა „ჯანმოს“ ექსპერტებმა ადგილზე გაიცნონ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა საქმიანობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ევროპის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ არ აქვს საკმარისი წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებზე. სამედიცინო სერვისებისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის საჭირო თანხები მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ევროპის რეგიონის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობისთვის.

მათივე ცნობით, ევროპის 24 ქვეყნის ჯანდაცვაზე დანახარჯების შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახების 9%-ს სამედიცინო სერვისებისთვის თანხის გადახდის შემდეგ აღარ რჩება სხვა მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების რესურსი. განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვანი მოსახლეობა ყველაზე მეტად განიცდის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხშირად სრულადაც ვერ იღებს საჭირო სერვისებს.

„საქართველოს მთავრობა ატარებს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რათა შეამციროს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და მუდმივი სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც 2018 წელს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90%-ის სამედიცინო სერვისები დააფინანსა. მთლიანი შიდა პროდუქტიდან სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე 2012 წელს არსებული 1,6%-იანი მაჩვენებლიდან 3,08%-მდე გაიზარდა 2016 წელს. შედეგად, სამედიცინო სერვისებისთვის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 73,4%-დან 55,6%-მდე შემცირდა. პირველად ჯანდაცვას აქვს სასიცოცხლო როლი სამედიცინო სერვისებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის საკითხში“, -ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაში.