ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სოციალური მუშაკები, რომლებიც სააგენტოს დატოვებას აპირებენ, წასვლას გადაიფიქრებენ
ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სოციალური მუშაკები, რომლებიც სააგენტოს დატოვებას აპირებენ, წასვლას გადაიფიქრებენ

სოციალური მუშაკები ამ ეტაპზე გადანაწილებული არიან იმ ორ ტერიტორიულ ერთეულში, საიდანაც თანამშრომლები წავიდნენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ სოციალურ მუშაკთა ნაწილი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს დატოვებას მარტიდან აპირებს, წასვლას გადაიფიქრებს.

„შევხვდით იმ თანამშრომლებს, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მარტამდე ნაწილი გადაიფიქრებს წასვლას. თუმცა ჩვენ აქტიური ზომები გვაქვს მიღებული და ვეძებთ ალტერნატივას”, – აცხადებს თამილა ბარკალაია.

მისივე განმარტებით, სოციალური სააგენტოს რეფორმებზე მუშაობა ფორსირებულად მიმდინარეობს.

„წინა კვირაში ვიყავი რეგიონებში და მქონდა შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან. ასევე შევხვდი სოცმუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ჩვენ და ასოციაცია ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი რეფორმები, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო, კიდევ უფრო სწრაფი რეჟიმით განვავითაროთ და გავაძლიეროთ სოციალური სამუშაო საქართველოში – აცხადებს თამილა ბარკალაია.

შეგახსენებთ, 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრებიდან ოთხი სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს. დარჩენილმა თანამშრომლებმა კი, სააგენტოს დატოვების თაობაზე განცხადებები დაწერეს. მიზეზად ისინი სისტემურ პრობლემებს ასახელებენ და ამბობენ, რომ გაზრდილია საქმეთა რაოდენობა, რომელსაც თანამშრომელთა სიმცირის გამო, ფიზიკურად ვერ ართმევენ თავს.