ჯანდაცვის სამინისტროში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გიორგი წოწკოლაური ​მივიდა
ჯანდაცვის სამინისტროში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გიორგი წოწკოლაური ​მივიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მყოფ დევნილებთან შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური მივიდა.

როგორც წოწკოლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დევნილებს, რომლებიც ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ არაერთხელ განემარტათ, რომ ბინების გადანაწილება არა ჯანდაცვის მინისტრის, არამედ სპეციალური კომისიის კომპეტენციაა.

„მათ არაერთხელ აღენიშნათ მინისტრის მხრიდანაც, რომ ვიწყებდით ბინების განაწილებას თბილისში, შესაბამისად, მთლიანი რეესტრი გადაეცა კომისიას და მოცემულ ეტაპზე კომისია ბინების გადაცემას იხილავს. ეს არის კომისიის კომპეტენცია და არა მინისტრის, შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე ის კითხვები, რომელიც მათ აქვთ მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან, გადაეცემათ თუ არა მათ ბინა, კომისიის კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ დაველოდოთ კომისიის სხდომას. კომისიის სხდომა დასრულდება სამშაბათს, გამოქვეყნდება ის რეესტრი, ვის უნდა გადაეცეს ბინა. შემდგომ ჩვენ ასევე ავიღეთ პერიოდი, როცა გამოვაქვეყნებთ სიას და თუ ვინმეს ექნება რაიმე ზედმეტი კითხვა, დაველოდებით კვლავ, რომ მოხდეს კომუნიკაცია, რომელშიც მინისტრიც იქნება ჩართული“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გამოჩენას დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დევნილების ნაწილი, მას შემდეგ რაც წოწკოლაურს გარეთ დახვდნენ, სამინისტროს მიღმა დარჩნენ, ვინაიდან შენობის კარები ჩაიკეტა. დევნილების ნაწილი ამ დრომდე კვლავ სამინისტროს შიგნით რჩება, ნაწილი კი სამინისტროს წინ აგრძელებს პროტესტს.

აქციის გარეთ დარჩენილ მონაწილეებს სამინისტროში შებრუნების მცდელობა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამ დროისთვის როგორც შენობის გარე, ისე შიდა პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული.

წოწკოლაურმა სამინისტროს ტერიტორია უკვე დატოვა.

დატოვე კომენტარი