ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება

არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, იგეგმება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს სასაზღვრო პუნქტებში მონიტორინგის ღონისძიებების გამკაცრებას.

„ჯერ მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი. ამდენად, საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და ასევე, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავი რჩება, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები. ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომელიც დაბრუნდა ჩინეთიდან. არც ერთ მათგანს აღენიშნება სიმპტომი, თუმცა ისინი რჩებიან ჯერ კარანტინში. კარანტინთან ერთად ასევე შესაძლებელია თვითიზოლაციის ვარიანტის განხილვაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგები შეაფასებენ თვითიზოლაციისთვის პირობებს და ამის გათვალისწინებით მოხდება კარანტინიდან გადაყვანა თვითიზოლაციის პირობებში. ჯერ არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებს არ განვიხილავთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად ვერ ასახელებს სტაბილიზაციის მოსალოდნელ თარიღს.

„ძალიან რთულია ამაზე საუბარი, გლობალური ტენდენციები კორონავირუსის ჩინეთში გარკვეული სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა, სხვა ქვეყნებში როგორც ვხედავთ ახლა დაიწყო ახალი შემთხვევების გამოვლენა. ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად ვერ ასახელებს მოსალოდნელი სტაბილიზაციის თარიღს და არც იმაზე კეთდება განცხადებები თუ რა ტენდენციას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, არაერთ ქვეყანაში მეცნიერთა ჯგუფები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

„რა თქმა უნდა, დიდი აქცენტი ამაზე კეთდება, თუმცა ჯერ კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ვაქცინა გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი ცნობილი არ არის. სულ მცირე, მინიმუმ ექვსი თვე არის ის ყველაზე მინიმალური პერიოდი, რაც შეიძლება დასჭირდეს ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში ვაქცინის გამოყვანას და შემდეგ მის გარკვეულად გამოცდას“, – განაცხადა გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი