ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაღდათში დაღუპულებს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდათ
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაღდათში დაღუპულებს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდათ

ბაღდათში დაღუპულ დედასა და შვილებს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა.

წოწკოლაურმა განმარტება გააკეთა ოჯახის სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით.

გიორგი წოწკოლაურის თქმით, 2019 წლის ოქტომბერში ოჯახი გადაამოწმეს, რადგან მათ კომუნალურ გადასახადზე აბონენტის ნომერი არ ჰქონდათ.

„აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განხორციელდა მათი ხელახალი გადაფასება. აბონენტის კოდის არქონა იმით იყო განპირობებული, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც მერიამ გადასცა ოჯახს, ახალი იყო. დეკემბერში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამივე თვის გადაცდომა.

გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში, რამდენიმე დღის წინ, ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. მათ განმარტეს, რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, შესაბამისად, დემოგრაფიული ცვლილების გამო, კანონის ფარგლებში მოითხოვეს ხელახალი გადაფასება. თუმცა, შემოწმებისთვის მოითხოვეს ერთი კვირის ვადა, რადგან, მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში არ იქნებოდნენ სახლში, თამარ მეფის 13-ში. მათ ითხოვეს ერთი კვირის ვადაში გადამოწმება და შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენთვის უცნობია, რატომ იყვნენ ეს ადამიანები წერეთლის ქუჩაზე. სავარაუდოდ, რომელიმე ნათესავთან სტუმრად იყვნენ.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვმარტო მათი სტატუსი – ისინი დღესაც კი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით. ერთადერთი სტატუსის ცვლილება იყო ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე, აბონენტის ნომრის არარსებობის გამო, თუმცა პრობლემა აღმოიფხვრა და მათ სამი თვის შემწეობა ერთიანად აიღეს დეკემბერში“, – აცხადებს გიორგი წოწკოლაური.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ იანვრის ჩათვლით, ოჯახი 1 330 ლარს იღებდა.

გვიან ღამით, ბაღდათში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი ოთხი არასრულწლოვანი შვილიც. ასევე, გარდაცვლილია მათი მეზობელი ქალი.