ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოცდილებას გაეცნო
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოცდილებას გაეცნო

ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოცდილებას გაეცნო. ისინი ბავარიის მხარეში, სამხარეო სამედიცინო დაწესებულებას ეწვივნენ, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ემსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 600 საწოლზე გათვლილი კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მათი სამედიცინო მომსახურების მოდელი, მოიცავს გადაუდებელი დახმარების სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის რეაბილიტაციის მაღალტექნოლოგიურ სერვისს.

შეხვედრა შედგა „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრშიც,“ სადაც ქართული დელეგაცია სერვისის მიწოდების იმ სქემას გაეცნო, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება ხორციელდება.

მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც გერმანულ სამედიცინო დაწესებულებებს გააჩნიათ.

მურნაუს კლინიკის მთავარი ექიმის კარენ ბაუერის განცხადებით კი, გერმანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, მძიმე ტრავმის მქონე პაციენტების მკურნალობა.

„ჩვენი სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალკვალიფიციური ტრავმატოლოგიური ცენტრი და წელიწადში საშუალოდ 15000 პაციენტს ვუწევთ სამედიცინო მომსახურებას. უბედური შემთხვევის ადგილიდან დაშავებულების გადმოყვანას კლინიკის კუთვნილი ვერტმფრენით ვახორციელებთ. გვაქვს როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე უზრუნველყოფთ რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებასაც,“ – განაცხადა ბაუერმა.