ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება

კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია, მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეპარატები ქვეყანას გერმანიისა და აშშ-ს მთავრობამ გადმოსცა. ორივე მედიკამენტი აღიარებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ. სმაინისტროში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები COVID-19-ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიდგომად ითვლება. მედიკამენტების გამოყენების ალგორითმი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს.

„ორი განსხვავებული პრეპარატია ხელმისაწვდომი, ერთი კასირივიმავი/იმდევიმაბი, რომელიც არის ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. აღნიშნულ პრეპარატს მიიღებენ კლინიკები ვინც ჩართულია კოვიდის მართვაში. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია, ძირითადად ეს არის პაციენტები ვისაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო მაღალი რისკი სხვა პაციენტებთან შედარებით, მაგალითად 65 წლის მქონე პირები, ასევე პირები, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია, ან რაიმე სხვა თანხმლები დაავადება და ამასთანავე, საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში. ასევე მეორე ჯგუფი – ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე, ძირითადად ეს იქნება პაციენტი რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდსასტუმროში, ან ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ ამ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო მაღალი აქვს დამძიმების რისკი და შემდეგ მოხდება ამ პაციენტებისთვის, დაავადების ადრეულ ეტაპზე, ვიდრე იქნება მძიმე სურათი გამოხატული, მონოკლონების ადმინისტრირება“, – აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

კასივირიმაბი/იმდევიმაბი საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. თამარ გაბუნიას თქმით, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, როდესაც პროგნოზულად დამძიმების რისკია და სწორედ ამის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი მნიშვნელოვანია სიკვდილობის შემცირების და ჰოსპიტალიზაციის ვადის შემოკლების კუთხით.

აშშ-ის მიერ მოწოდებული ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბის დაავადების საწყის ეტაპზე, რისკჯუფებში გამოყენება და ჰოსპიტალიზაციის, დაავადების მძიმე ფორმის ჩამოყალიბების თავიდან აცილების, ასევე სიკვდილობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

დატოვე კომენტარი