ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო.

სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჯამში, 150-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამაში მონაწილეობა  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და  სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადები მიიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე – თბილისი, თამარაშვილის N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, 15 ივლისიდან დაიწყო და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი