რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება.
„ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება გააფორმა.
ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები, მათ შორის, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, გადაუდებელი დახმარებისა და რადიოლოგიის დეპარტამენტები. აღნიშნული სერვისები არსებული შენობიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს. რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, განახლდება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობებიც.
ახალი კორპუსის დაპროექტებისთვის შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.