ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს, გეგმური მომსახურება არ განახორციელონ
ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს, გეგმური მომსახურება არ განახორციელონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს რეკომენდაციით, არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის პირველ მაისამდე. ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამინისტრო სტომატოლოგებს კიდევ რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„კერძოდ: არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა. რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია. კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.