ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, აცრაზე უარის შემთხვევაში მოითხოვონ მიზეზის დაფიქსირება და დოკუმენტი გადააგზავნონ რეგულირების სააგენტოში ან დატოვონ სამინისტროს მისაღებში
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, აცრაზე უარის შემთხვევაში მოითხოვონ მიზეზის დაფიქსირება და დოკუმენტი გადააგზავნონ რეგულირების სააგენტოში ან დატოვონ სამინისტროს მისაღებში

ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვონ წერილობითი ფორმით და დოკუმენტი, მათივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქეს განცხადების შეტანა ასევე შეუძლია სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში.

„ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე [email protected], განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.