ჯანდაცვის სამინისტრო - მიუხედავად იმისა, რომ უფასოა, C ჰეპატიტის მკურნალობისთვის მომართვიანობა დაბალია
ჯანდაცვის სამინისტრო - მიუხედავად იმისა, რომ უფასოა, C ჰეპატიტის მკურნალობისთვის მომართვიანობა დაბალია

მიუხედავად იმისა, რომ უფასოა, C ჰეპატიტის მკურნალობისთვის მომართვიანობა დაბალია, – აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში მკურნალობა დამაჯერებელი წარმატებით მიმდინარეობს, უფასოა ძვირად ღირებული მედიკამენტი და საჭირო კვლევების მნიშვნელოვანი წილის თანაგადახდა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, მოსალოდნელზე დაბალია მოსახლეობის მომართვიანობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ეს კი ქმნის საშიშროებას, რომ სრულად ვერ იყოს ათვისებული ის უძვირფასესი საჩუქარი, რომელიც საქართველოს ერგო და სამწუხაროდ, ამის ნიშნები უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაიტარონ C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, ჩაერთონ მკურნალობის პროგრამაში და დროულად გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაში უსასრულოდ არ გაგრძელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეა – პირველი სექტემბრიდან მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების ფარგლებში C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულებას სახელმწიფო დაფარავს.

„პროგრამის კიდევ უფრო ეფექტიანი განხორციელების მიზნით პაციენტებისთვის ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები მცირდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით 2018 წლის პირველი სექტემბრიდან, სახელმწიფო უზრუნველყოფს მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების ფარგლებში C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულების დაფინანსებას, რაც 140 ლარით გააიაფებს კვლევების ჯამურ ღირებულებას, ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინანსურ ბარიერს.

გარდა ამისა, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება 70%-ით. ამ დრომდე, აღნიშნული ჯგუფისათვის სპეციალური შეღავათი არ მოქმედებდა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ასევე, სერვისებით გეოგრაფიული მოცვის გაზრდის მიზნით, პროგრამის მასშტაბური დეცენტრალიზაცია იწყება, ეს კი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებების გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გულისხმობს.

„ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება მინიმუმ ერთი სამკურნალო ცენტრი. პროცესში ასევე, ჩაერთვებიან ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფების – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის.

მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. თუ ამ დრომდე პროგრამაში რეგისტრაციისთვის პაციენტს უწევდა სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი, ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია გადადის მუშაობის ონლაინ ფორმატზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს მკურნალობის დასაწყებად“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება. 2018 წლის ივლისის მონაცემებით, პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პირი, მათგან 48 000-ზე მეტმა დაიწყო მკურნალობა, აქედან 44 000-ზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.