ჯანდაცვის სამინისტრო - იმედს გამოვთქვამთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან
ჯანდაცვის სამინისტრო - იმედს გამოვთქვამთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ინტენსიურ კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება.

სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.