ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ცხელების ცენტრების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს
ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ცხელების ცენტრების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, უკვე ასრულებს თავის სამუშაოს სატესტო რეჟიმში. მისი თქმით, თბილისში ის უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.

„ექიმები ორ თვეზე მეტია, გადიან შესაბამის ტრეინინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი. მაგრამ მაინც განხორციელდება ჩვენი მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, რათა რა მოხდეს გარკვეული გადაცდომები, რაც შეიძლება იყოს გარკვეული რისკების მატარებელი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რეგულირების სააგენტო სწავლობს ყველა ცენტრის მზაობას და მალე მათი ჩამონათვალი გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა იმ აღჭურვილობით უზრუნველვყოთ ცენტრები, რომელიც პერსონალს ესაჭიროება. ადგილზე გავეცნობი თითოეული ცენტრის მზაობას. იქიდან გამომდინარე, რომ „კოვიდთან“ ბრძოლის მასშტაბები იზრდება, გარკვეული ეტაპის განმავლობაში იყო ცვალებადი, დღეს ჩვენ ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე და ცხელების ცენტრების ჩამონათვალი ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს იმაზე, რომ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია თავიანთ მოქალაქეებს, რათა მოქალაქეებმა დროულად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.