ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს

10:53, 02.07.2026

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა გადანერგვის შემდეგ პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD – „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი „ჯაკავი“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მსგავსი