ჯანდაცვის სამინისტრო - 16 წლის პაციენტის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკისა და ექიმის მიმართ მკაცრი ღონისძიებები გატარდება
ჯანდაცვის სამინისტრო - 16 წლის პაციენტის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკისა და ექიმის მიმართ მკაცრი ღონისძიებები გატარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეისწავლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალში“, სს „ევექსის კლინიკების ტყიბულის ფილიალში“, შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა“ და სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების პაციენტის „სამედიცინო ბარათსა“ და ექიმების ჩანაწერებში არასრულყოფილი და განსხვავებული მონაცემები იყო მითითებული.

ასევე გამოიკვეთა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტები. ასევე, გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი ღონისძიებები გატარდება. კერძოდ, პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხიმგებლობის საკითხი განიხილება და გადაიხედება მათი პროფესიული საქმიანობა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ადმინისტრაციული წესით კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე რეანომობილს, მას ფუნქციონირების უფლება უკვე შეუჩერდა.

„მსგავსი ფაქტების და სამედიცინო გადაცდომების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების შესაბამისად, სამინისტრო აგრძელებს ყველა სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგს. ასევე, მიმდინარეობს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმება,“ – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში.

16 წლის პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 21 ივლისს, ამბროლაურის კლინიკიდან ტრანსპორტირებისას, რეანიმობილში დამძიმდა, გუშინ დილით გარდაიცვალა. პაციენტის მდგომარეობა შაორთან იმ დროს დამძიმდა, როდესაც პაციენტი რეანიმობილით გადაჰყავდათ. მანამდე ის სუნთქვის მწვავე უკმარისობით ამბროლაურის კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც, ადგილობრივი ექიმების ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობაც დასტაბილურდა. ამბროლაურიდან მოზარდი ჯერ ტყიბულის, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ოჯახის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობის დამძიმება რეანიმობილში ჟანგბადის მიწოდების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია.

საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს.