ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის წელს გადასახდელი თანხა შესაძლოა, აშშ-მ სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის წელს გადასახდელი თანხა შესაძლოა, აშშ-მ სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხოს ფული, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიმდინარე წელს უნდა გადაეხადა. საუბარია 400 მილიონ დოლარზე.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვაშინგტონმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმდინარე წელს უკვე გადაურიცხა 58 მილიონი დოლარი, რაც 2020 წლის საწევროს ნახევარია.

დამატებით აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით ნებაყოფლობით აფინანსებდა.

„ჩვენ ვაჩერებთ მეორე ტრანშს. ძალიან მარტივად ამ ფულის მიცემა შეგვიძლია, „წითელი ჯვრისთვის“ ან სხვა მსგავსი ორგანიზაციისთვის“, – განუცხადეს „როიტერს“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების განკარგულება 14 აპრილს გასცა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა. ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად, აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.