ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ანგარიშის თანახმად, „დელტა“ შტამი უახლოეს მომავალში მსოფლიოში დომინანტური შტამი იქნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ანგარიშის თანახმად, „დელტა“ შტამი უახლოეს მომავალში მსოფლიოში დომინანტური შტამი იქნება

კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი უახლოეს მომავალში მსოფლიოში დომინანტური შტამი იქნება. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრისა (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივ ანგარიშში.

„უახლოეს თვეებში „დელტა“ შტამი იქნება დომინანტური მსოფლიოში. ის უკვე გამოვლენილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში“, – მითითებულია ანგარიშში.

ECDC და WHO თვლიან, რომ ამ ტიპის კორონავირუსი განაგრძობს გავრცელებას და სხვა ვარიანტების ჩანაცვლებას. ამავდროულად, გამორიცხული არ არის „დელტას კონკურენტი შტამის“ გაჩენაც.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ევროპული ბიუროს რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, რადგან ევროპაში შემთხვევათა რიცხვი კვლავ იზრდება, რომელიც „დელტა“ შტამთანაა დაკავშირებული.

აქვე ECDC და WHO ვაქცინაციის დაჩქარების შესახებ მკაცრ რეკომენდაციას იძლევიან.

„არსებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების სიმძიმესა და სიკვდილის რისკს“, – განაცხადა კლუგემ.