ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოში კოვიდპაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოში კოვიდპაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა

„კოვიდ-19“-ის მართვის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი კოვიდპაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად მოწვეული ექსპერტი, საქართველოს მასშტაბით, 12 ყველაზე დიდ კოვიდკლინიკაში იმყოფებოდა, მონიტორინგის შედეგები კი პირადად მინისტრს გააცნო და რეკომენდაციებიც წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში, კოვიდკლინიკებში მომუშავე პერსონალის ტრენინგიც განხორციელდა.

„ვიზიტის მიზანი იყო შემესწავლა მძიმე კოვიდპაციენტების მართვა და მენეჯმენტი. შეფასების შედეგად, ძალიან ბევრი დადებითი მხარე გამოიკვეთა, თუმცა, როგორც ყველა სისტემაში, აქაც არის გაუმჯობესების შესაძლებლობები. მედპერსონალის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი ინტერესი და მზადყოფნა ცვლილებებისა და განვითარების მიმართ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ინტენსიურ თერაპიას საკმაოდ წარმატებული მომავალი აქვს“, – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, კნუტ ტაქსბომ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესებისა და რეანიმაციულ განყოფილებებში გარდაცვალების შემთხვევების შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„გასული 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი „კოვიდ-19“-ის მართვის საკითხებში, ასევე ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტები 12 ყველაზე მეტად დატვირთულ და დიდ რეანიმაციულ განყოფილებებში, რომლებიც მონაწილეობენ „კოვიდის“ მართვაში. ვიზიტის მიზანი იყო კლინიკური პრაქტიკის მართვის ადგილზე შეფასება, ასევე, პერსონალის ტრენინგი. დღეს გაიმართა რეანიმაციის პერსონალის კიდევ ერთი, საბოლოო, შემაჯამებელი შეხვედრა ექსპერტთან ერთად, ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა, სადაც გავიარეთ ის ძირითადი ასპექტები, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს კლინიკურ მართვას. ექსპერტმა აღნიშნა, რომ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომლითაც კლინიკები მუშაობენ, არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ასევე, პაციენტების მართვისთვის სრულადაა მობილიზებული, როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ის რესურსი, რომელიც საჭიროა ადეკვატური და კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ტრენინგების პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა კოვიდკლინკებისთვის, რათა კლინიკური გამოსავლები გაუმჯობესდეს და მინიმუმამდე დავიდეს გარდაცვალების შემთხვევები რეანიმაციულ განყოფილებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.