ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიურ ვაქცინაციას ურჩევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიურ ვაქცინაციას ურჩევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2019-2030 წლების პერიოდს მოიცავს. სტრატეგიის მიზანი სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევების თავიდან აცილება, ცხოველიდან ადამიანზე ამ დაავადების გადაცემის კონტროლი და გრიპის მორიგი პანდემიისთვის მზადებაა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალი სტრატეგია ყველაზე მასშტაბური და პერსპექტიულია, ვიდრე აქამდე არსებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს შეუწყობს გრიპის თავიდან აცილების, მისი შედეგების, გავრცელების შესახებ კვლევების ჩატარებას.

ორგანიზაცია ასევე გეგმავს საზედამხედველო-ეპიდემიოლოგიური გლობალური სისტემის მოდერნიზებას, საპასუხო ზომების მიღებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა გააუმჯობესოს ამ ქვეყნების შესაძლებლობები გრიპის შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, შექმნან გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი პროგრამები.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, გრიპის პანდემიის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპით დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ავადდება, აქედან 290 ათასიდან 650 ათასამდე ფატალური შედეგით სრულდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს.