ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ტყუილია, რომ შვედეთმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუშალა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ტყუილია, რომ შვედეთმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუშალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს შვედეთმა არ მიიღო კორონავირუსის კონტროლისთვის აუცილებელი ზომები, ტყუილია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა ერთადერთი, რაც შვედურ მოდელს გამოარჩევს, ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, მიეცა საშუალება მოქალაქეებისთვის, თავად დაეცვათ წესები.

„ბევრი აღიქვამს, რომ შვედეთმა კონტროლის მექანიზმები არ შემოიღო და უბრალოდ დაუშვა, რომ ვირუსი გავრცელებულიყო. ეს ძალიან შორს დგას სიმართლისგან. შვედეთმა შემოიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მტკიცე პოლიტიკა, რაც აერთიანებდა ფიზიკურ დისტანცირებას, მოქალაქეებზე ზრუნვას, დაცვას და ბევრ სხვა რამეს. ის, რაც მან განსხვავებულად გააკეთა, ეს არის დაკავშირებული მოქალაქეებთან დამოკიდებულებასთან და მათ ნდობასთან, ანუ მოქალაქეების ნებასთან, თავად შეასრულონ ფიზიკური დისტანცირების წესები, და თუ გსურთ ამ სიტყვის გამოყენება, თვითრეგულირებასთან“, – განაცხადა რაიანმა.

მისივე თქმით, შვედეთის მთავრობამ ჩაატარა ტესტები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების რიცხვი გაზარდა. ამის დამსახურებით კი ჯანდაცვის სისტემა არ გადატვირთულა.

შვედურ მოდელზე საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი მოიხსნება, შესაძლოა, შვედეთის მაგალითი სასარგებლო იყოს.

„ვფიქრობ, თუ ჩვენ მივაღწევთ იმ სიტუაციას, როდესაც ნორმალური პირობები ხელახლა გვექნება, მაშინ შვედეთი, შეიძლება იყოს სამომავლო მოდელი. რადგან თუ ჩვენ გვსურს იმ საზოგადოებასთან დაბრუნება, სადაც არ იქნება შეზღუდვები, მაშინ საზოგადოებას მოუწევს ადაპტაცია იმასთან, რომ მოკლე ან შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდშიც, ჩვენ ერთმანეთთან ფიზიკურ და სოციალურ ურთიერთობას განსაზღვრავდეს ის ფაქტი, რომ ვირუსი კვლავ ჩვენთანაა. ჩვენ ყოველდღიურად მოგვიწევს ყველაფრის გაკეთება, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ეს ნიშნავს ჩვენ ცხოვრების წესის შეცვლას. შესაძლოა, შვედეთში ახლა სწორედ ამას ვადევნებთ თვალს და შესაძლოა, მომავალში შვედი კოლეგების გამოცდილება მოგვიხდეს.“ – განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ამასთან, რაიანის თქმით, „შვედური მოდელის წარმატება ჯერ დადასტურებული არ არის და ეს მომავალში გამოჩნდება“.