ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად გაერთიანდნენ.

მანამდე, ჩინეთმა მის ტერიტორიაზე მდებარე ლაბორატორიებსა და სავაჭრო ბაზრებში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი თქვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურ პეკინს ამ მიზნით მარტის თვეში დაწყებული კვლევების გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს შეთავაზება უარყო.

„ყველა უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, თუ როგორ მოხვდა ეს პათოგენი ადამიანთა პოპულაციაში. ქვეყნებს ნამდვილად აქვთ პასუხისმგებლობა, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ტარიკ იასარევიჩმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა ჯგუფმა ჩინელ მეცნიერებთან ერთად ოთხი კვირა გაატარა ჩინეთის უჰანსა და მის შემოგარენში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, მარტში გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში მითითებული იყო, რომ ეს ვირუსი ადამიანებში ღამურადან სხვა ცხოველზე გადაცემის შემდეგ გავრცელდა, მაგრამ აქვე შემდგომი კვლევების საჭიროების შესახებაც მიუთითეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, ვირუსის შესახებ კვლევების საფუძვლიან ჩატარებას ხელი შეუშალა გავრცელების პირველ დღეებში მონაცემთა ნაკლებობამ.

დატოვე კომენტარი