ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
30 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ებოლას 3 605 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1 587 ინფიცირებული გარდაიცვალა.
მიმდინარე აფეთქება ებოლას ბუნდიბუგიოს შტამით არის გამოწვეული. ეპიდაფეთქება 2026 წლის 15 მაისს გამოცხადდა და უკვე გადააჭარბა 2018-2020 წლების ეპიდემიას, რომელიც აქამდე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. მაშინ თითქმის 3 500 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან თითქმის 2 300 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ დამტკიცებული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა ვაქცინებზე მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსა და სინგაპურში მიმდინარეობს.
„ბიბისის” ცნობით, ებოლას ვირუსმა, რომელიც სხეულის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით ვრცელდება, ბოლო 50 წლის განმავლობაში აფრიკაში 15 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპიდაფეთქება „ძლიერდება, ვირუსის გადაცემა კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა კვლავ იზრდება.“