ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეშფოთებულია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო შეშფოთებულია, – ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, სასწრაფო ზომების მიღების გარეშე, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მარტამდე შესაძლოა, 500 ათასით გაიზარდოს.
კლუგემ ევროპაში ვირუსის გავრცელების მიზეზად ზამთრის სეზონი, დელტა ვარიანტის გავრცელება და ვაქცინაციის არასაკმარისი ტემპი დაასახელა. მისი თქმით, ინფიცირების შესამცირებლად პირველ რიგში ნიღბების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა იქნება საჭირო.
გარდა ამისა, მისი თქმით სავალდებულო ვაქცინაცია ვირუსით ინფიცირების შესამცირებლად უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, თუმცა აუცილებელია ამ საკითხზე დროულად გაიმართოს სამართლებრივი და სოციალური დებატები. კლუგეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია დაწესდება, ეს არა პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იქნება.