ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 იანვარს კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გამო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 იანვარს კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 იანვარს ჟენევაში კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტი წარუდგენს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რეკომენდაციას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, კომიტეტის წევრები იმსჯელებენ ზომებზე, რომელთა მიღება დაავადების პრევენციის მიზნით არის აუცილებელი. სხდომის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია სპეციალისტების რეკომენდაციებსა და მითითებებს გამოაქვეყნებს.

ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა 22-23 იანვარსაც გაიმართა. მაშინ ორგანიზაციამ საჭიროდ არ მიიჩნია საგანგებო რეჟიმის გამოცხადება.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა 20-მდე ქვეყანაში.