ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმერეთში ექიმებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმერეთში ექიმებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ, ან განახევრებულ ფასად უკვე ხუთ სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ, ესენია: „პეესპე“, „ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“.

მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს უკვე 118 აფთიაქი ემსახურება. ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა.

პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება ექვსი წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.

„დღეისათვის უფრო მეტ აფთიაქში გაიცემა მედიკამენტი, ვიდრე აქამდე გაიცემოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის გაზიარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმებისთვის და ასევე მათი მხრიდან იმ გამოწვევების გაცნობა, რომელსაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ამ მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა პირველად ჯანდაცვაში ქრონიკული დაავადებების მართვასთან დაკავშირებით ძირითად გამოწვევებზე და ასევე იმაზეც, თუ რამდენად შეიძლება პროგრამის ეფექტური და წარმატებული გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს ქრონიკულ დავადებებთან დაკავშირებული შედეგები. კერძოდ, ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ეპილეფსიის, პარკინსონის და ბევრი სხვა დაავადების მართვის გაუმჯობესება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადება.

პროგრამის მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად – ლარად; ამასთან, 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ: საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100-ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები და სოფლის ექიმები.