ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საჩხერის სამედიცინო ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საჩხერის სამედიცინო ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩავიდა. მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო კლინიკაში არსებულ ვითარებას.

თამარ გაბუნიამ მედპერსონალთან არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა, მათ კითხვებს უპასუხა და დამატებითი რეკომენდაციები გასცა.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში. მღელვარება გამოიწვია იმან, რომ ექიმს დაუდგინდა „კოვიდის“ დიაგნოზი, მოხდა პერსონალის გამოკვლევა და შესწავლა. ყველა პასუხი იყო უარყოფითი, რაც ადასტურებს, რომ ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკაში ყველაფერი წესრიგშია. შევხვდი პერსონალს, გავიარეთ პრაქტიკული მაგალითები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ისე კლინიკური შემთხვევების წარმატებულად მართვის კუთხით, რათა კლინიკამ გააგრძელოს საქმიანობა როგორც საეჭვო შემთხვევების გამოვლენის, ისე მულტიპროფილური და „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მართვისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალს ტესტი პერიოდულად ჩაუტარდება. ამჟამად ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორის არის ინფექციონისტი, რომლიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაინფიცირდა. მინისტრის მოადგილის თქმით, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი დადგენილი და გამოკვლეულია.