ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვები ვერ გადაიხედება
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვები ვერ გადაიხედება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბიზნესმენებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მათ განემარტათ, თუ რატომ იყო საჭირო გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, ბიზნესმენებთან შეხვედრა კვლავ გაიმართოს, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე არ განიხილება.

„ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან ბიზნესსექტორთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ასევე ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგების გუნდი, საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა ყველა შეზღუდვაზე საუბარი. ასევე მოხდა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს და არა რომელიმე სხვა ტიპის შეზღუდვას. რაც შეეხება შეღავათებს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს, თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს და რასთან დაკავშირებით ექნებათ მათ გარკვეული დახმარებები. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა ეკონომიკური გუნდიც და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროც შეხვდება მათ და გასცემს ყველა კითხვას პასუხს. გადახედვა ვერ მოხდება, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები რომელიც დღესდღეობით საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი