ჯანდაცვის მინისტრი დღეს თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას გეგმავს
ჯანდაცვის მინისტრი დღეს თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ინფექციური კლინიკის დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას დღეს გეგმავს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, რამდენიმე დღეა, მას თენგიზ ცერცვაძესთან არ უსაუბრია.

„დღეს დღის განმავლობაში შევხვდები და შემდეგ შემეძლება, გიპასუხოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია ცერცვაძის მიერ კლინიკის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ.

მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პანდემიის პროცესში ბევრი გამოწვევა დაგროვდა როგორც სხვა კლინიკებში, ასევე სახელმწიფო კლინიკაში – რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„საჭიროდ ჩავთვალეთ, განგვეახლებინა მენეჯმენტი და ახალი ხედვა და სისხლი ყოფილიყო კლინიკაში, რომლებიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაუძღვებიან, დავძლევთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რაც, სამწუხაროდ, დაგროვებულია“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე დღე დაკეტილი იყო და ინფექციის კონტროლის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიება გაატარა, ასაევე არის დაგეგმილი სცხვადასხვა ეტაპი, რომლებსაც სამინისტრო მიყვება და გამოსწორდება.

რაც შეეხება კლინიკების შემოწმების პროცესს, ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკებს ამოწმებენ როგორც ინფექციის კონტროლის, ისე მკურნალობის სწორად წარმართვის კუთხით, ამავდროულად, მოწმდება ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსური ხარჯები, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა ისინი.