ჯანდაცვის კომიტეტში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ
ჯანდაცვის კომიტეტში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სხვა სახის დანაშაულის პრევენციის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება ბოლო დროს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა ძალადობის შემზარავმა ფაქტებმა განაპირობა.

„მთელი საქართველო შეძრა ბოლო პერიოდში გახმაურებულმა ამაზრზენმა დანაშაულებმა, რაც მოზარდებისა და არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივ დანაშაულს, ძალადობას შეეხება და გვაჩვენა აუცილებლობა, რომ დამატებით პრევენციული ღონისძიებები არის საჭირო. მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე და სწორედ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ განვიხილავთ ამ წინადადებას, იქ არის მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, უკვე იდენტიფიცირებული მოძალადეების მიმართ რა ღონისძიებები შეიძლება, გატარდეს, რომ მომავალში ჩვენი მოქალაქეები და არასრულწლოვნები დავიცვათ ასეთი შემთხვევებისგან“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარადგენს.