ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს ტექნოლოგიური ნაწარმთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს ტექნოლოგიური ნაწარმთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, ნებადართული უნდა იყოს დახურულ სივრცეში ელექტრონული ან გახურებადი თამბაქოს გასინჯვა. ასევე, უნდა გამარტივდეს შეფუთვის ტესტი, რაც გულისხმობს, რომ პიქტოგრამების გარეშე მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილება იყოს დატანილი.

„დეტალური განხილვა გვქონდა. მხარი დაუჭირა კომიტეტმა გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთი, რომ რეკლამის კანონთან მიმართებით, ამ ახალი პროდუქტების ანუ გახურებადი თამბაქოსა და მისი მოწყობილობების​ პოპულარიზაციასთან და ზოგადად, ხილვადობასთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული შენიშვნები და ინიციატორი დაეთანხმა ამ შენიშვნებს, რომ არ მოხდეს თამბაქოს არსებულ კანონმდებლობაში ხვრელების გაჩენა, რომელიც იყო საფრთხე თუ იმ ფორმით მივიღებდით, როგორც თავიდან იყო ინიცირებული“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.