ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებამდე, საუდის არაბეთი გერმანიიდან იარაღს სავარაუდოდ ვეღარ მიიღებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა საუდის არაბეთში შეიარაღების ექსპორტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჰაიკო მასის თქმით, ერ-რიადი იარაღს ვერ მიიღებს, ვიდრე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილის გამოძიება არ დასრულდება.
„მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
მანამდე, საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის შეჩერება გერმანიის ბუნდესტაგში მოითხოვეს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სპეციალურ განცხადებაში მიუსამძიმრა რეპორტიორის ოჯახს და საქმის გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.
„ის ცნობები, რომელსაც საუდის არაბეთი სტამბოლის საკონსულოში მომხდარის შესახებ ავრცელებს, საკმარისი არ გახლავთ“, – განაცხადა მერკელმა.
საუდის არაბეთის პროკურატურამ განმარტა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საკონსულოში „ჩხუბის დროს“ მოკლეს. თურქული და ამერიკული მედია იუწყება, რომ რეპორტიორი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მოკლეს. ანკარაში განაცხადეს, რომ ხაშოგის მკვლელობის გამოძიება თურქეთისთვის ღირსების საქმეა.