ჯამალ ხაშოგის ცხედრის მოსაძებნად სტამბოლში კანალიზაცია შეამოწმეს
ჯამალ ხაშოგის ცხედრის მოსაძებნად სტამბოლში კანალიზაცია შეამოწმეს

სტამბოლის უბანში, სადაც საუდის არაბეთის საკონსულოს შენობა მდებარეობს, საკანალიზაციო ქსელი ვიდეოკამერების მეშვეობით შეამოწმეს. სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, შემოწმება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამოძიებას უკავშირდება. გამოცემა არ წერს იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა შემოწმება.

ჟურნალისტი, რომელიც Washington Post-თან თანამშრომლობდა, საუდის არაბეთის საკონსულოში ორ ოქტომბერს საბუთების გასაფორმებლად შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. თურქული მედიის ცნობით, იმ დროისთვის საკონსულოს შენობაში საუდის არაბეთიდან ორი თვითმფრინავით ჩამოსული 15-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ჯგუფის წევრებმა, რომელშიც ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლებიც შედიოდნენ, სტამბოლი იმავე დღეს დატოვეს.

ოფიციალური ერ-რიადი თავიდან უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი მოკლულია. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ორი კვირის შემდეგ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჯამალ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს. ჟურნალისტის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.