თსუ-ს სტუდენტებისთვის აუდიოწიგნები მომზადდება
თსუ-ს სტუდენტებისთვის აუდიოწიგნები მომზადდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების აუდიოვერსიები შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვის, შესაბამისი აპარატურის საშუალებით, შექმნიან აუდიოსახელმძღვანელოებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის. გახმოვანების პროცესში ჩაერთვებიან მოხალისე სტუდენტები, რომლებიც შესაბამის ჰონორარს მიიღებენ. თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, გარდა აუდიოსახელმძღვანელოებისა, სმენადაქვეითებული სტუდენტებისთვის იგეგმება ჟესტური ენის გამოყენებით სახელმძღვანელოების ვიდეოჩანაწერების გაკეთება.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებისა და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის წევრი. 2019 წლიდან თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ შშმ-პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით ხორციელდება პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“.

თსუ-ის ბიბლიოთეკაში გახსნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე, რომელიც აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ბრაილის შრიფტიანი ლიტერატურით.