ჯაბა სამუშია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან
ჯაბა სამუშია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშია განაცხადა.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას და ყველა იმ პრობლემაზე მათი აზრის მოსმენას, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ.

„პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი უნივერსიტეტელისთვის, რომელსაც ამ კედლებთან აქვს დაახლოებით 35 წლის კავშირი, ჩემთვის უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია და დგას სამ მთავარ ფასეულობაზე. ეს არის თვითონ უნივერსიტეტის ტრადიცია, მისი ფასეულობები და მისი ავტორიტეტი, ეს არის ჩვენი პროფესურა და ძვირფასი სტუდენტობა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავაძლიერო და ხელი შევუწყო, რომ უნივერსიტეტის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ პროფესურის უფრო მეტად განვითარებას და მათი პირობების გაუმჯობესებას. მინდა, აღვნიშნო ჩვენი ძვირფასი სტუდენტებისთვის იმ გარემო პირობების და სასწავლო პროცესის შექმნას, რომელიც მათთვის შექმნის ლამაზ, დაუვიწყარ სტუდენტობის წლებს.

ჩემთვის მთავარი არ არის რაიმე ადმინისტრაციული თანამდებობა. მიკავია ძალიან საპატიო პოზიცია, ვარ სრული პროფესორი და ეს ჩემთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება, ვიქნები თუ არა რექტორი, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ეს პერიოდი.

ჩემთვის არ არსებობს განსხვავება სტუდენტებში. ჩემთვის არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა. ყველას შევხვდები, მათ აქვთ კრიტიკული აზრი, არ აქვთ კრიტიკული აზრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ისინი არიან ამ კედლებში და ისინი არიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობა. ყველასთვის კარი იქნება ღია. ყველა პრობლემას მათთან ერთად განვიხილავთ, ასევე პროფესურასთან ერთად. არ არსებობს არც ერთი დახურული კითხვა, თუ პრობლემა, ყველაფერს გამოვიტანთ სააშკარაოზე, ვიმსჯელებთ და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს უნივერსიტეტი არის სტუდენტების, პროფესურის, ეს არის ჩვენი დედა უნივერსიტეტი და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა სამუშიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.