ჯაბა კანკავა „დინამო თბილისში“ ბრუნდება – საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ჯაბა კანკავა საქართველოს ჩემპიონატში 20-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 14 წლის კანკავა „ვაკე 91“-დან „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავიდა, სადაც მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გია გეგუჩაძემ 2004 წელს მთავარ გუნდში დააწინაურა. გეგუჩაძემ ახალგაზრდებით ახალი გუნდის შექმნა დაიწყო, კანკავა კი ამ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. პირველ წელს ჯაბამ საქართველოს თასი მოიგო, ითამაშა უეფა-ს თასზე, საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა გოლები პრაღის „სლავიასა“ და კრაკოვის „ვისლას“ კარში და ჯგუფური ეტაპზე გუნდის გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.
„დინამოდან“ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, მერე იყო კიევის „არსენალი“ და „დნიპრო“, სადაც გახდა უკრაინის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ლიგის ფინალში „სევილიასთან“ ითამაშა. სეზონის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის „რეიმსს“ შეუერთდა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2018 წელს ყაზახურ „ტობოლში“ ჩაირიცხა, მერე იყო ფრანგული კლუბი „ვალენსიენი“, 2021-2024 წლები კი ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა და სამჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი. გუნდი ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო დარჩენილი.

2004-2021 წლებში კანკავა საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა (10 გოლი), მათგან 62 შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო (2012 წლის აგვისტოდან 2021 წლის ოქტომბრამდე) და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გურამ კაშიას შემდეგ მეორე ადგილზეა.
2022 წლის 27 იანვარს კანკავამ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. თუმცა ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩებში ვილი სანიოლმა „ჯვაროსნებში“ დააბრუბნა და ლუქსემბურგთან ითამაშა.
კანკავა 2024 წლის 22 მაისს ფრანგმა სპეციალისტმა ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაში დაასახელა, მაგრამ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ უმჯობესი იყო ნაკრებში ახალგაზრდებს ეთამაშათ და გერმანიაში მხოლოდ გულშემატკივრის სტატუსით გაემგზავრა. ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანებულებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
კანკავა ორჯერ დაასახელეს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.