ჯაბა ჯიღაური - ისტორიაში შესვლა ყველასთვის გამორჩეული მოვლენაა და მეამაყება #1TVSPORT
ჯაბა ჯიღაური - ისტორიაში შესვლა ყველასთვის გამორჩეული მოვლენაა და მეამაყება #1TVSPORT

ჯაბა ჯიღაურმა კომენტარი გააკეთა ისტორიულ ფაქტზე, რომელიც კონფერენს ლიგაზე სან-მარინოს „ტრე პენესა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაში (0:4) დააფიქსირა – მე-18 წუთზე მან სან-მარინოელების კარი აიღო და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფა-ს სამივე ტურნირზე გაიტანა.

ჯაბა ჯიღაურმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეს მიღწევა ეამაყება, მაგრამ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„კარიერაში პირადი წარმატება ყველა ფეხბურთელისთვის სასიხარულოა და ეს ამბავი მეც ძალიან გამიხარდა. თუმცა, არც ვიცოდი, რომ ასეთი მიღწევა მქონდა. პირველი რეაქცია ჩვეულებრივი სიხარული იყო, რადგან მეგონა, რომ ამით ქართველ ფეხბურთელებში გამომარჩიეს. მაგრამ მერე გავიგე, რომ ზოგადად მთელს კონტინენტზე ვარ პირველი, ვინც ეს შეძლო. მალე გამოჩნდება ფეხბურთელი, ვინც იგივეს შეძლებს და სამივე ტურნირზე მეტ გოლსაც გაიტანს. მაგრამ ისტორიაში შესვლა ყველასთვის გამორჩეული მოვლენაა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ჯაბა ჯიღაური.

მან კონფერენს ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ გამოსვლაზეც ილაპარაკა. ჯაბა იმედოვნებს, რომ სან-მარინოს „ტრე პენესთან“ გასვლაზე მოგების (0:4) შემდეგ გუნდი გულშემატკივრებს საკუთარ არენაზე მატჩში კიდევ ერთხელ გაახარებს.

„ბათუმში „ტრე პენესთან“ განმეორებითი შეხვედრაც ღირსეულად უნდა ჩავატაროთ და ხალხი გავახაროთ, შემდეგ ეტაპზე კი ამის მერე უნდა ვისაუბროთ. ფეხბურთში მეტოქისადმი პატივისცემის გამოვლენა მაინც მნიშვნელოვანია თუმცა, ფაქტია, რომ გონებით მაინც შემდეგ ეტაპზე „ბატესთან“ მატჩზე ვფიქრობთ. ბელარუსებს კარგი გუნდი ჰყავთ. მაგრამ იმ დონის მაინც არაა, რომლითაც ადრე გამოირჩეოდა და ჩემი აზრით, სულაც არაა დაუმარცხებელი მეტოქე. მთავარია, ჩვენი შესაძლებლობები გამოვალინოთ“, – აცხადებს ბათუმელთა 29 წლის შემტევი.

შეგახსენებთ, რომ ჯიღაურმა გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე („დინამო თბილისში“ (2016-17) თამაშის დროს), ევროპა ლიგაზე (საჩხერეს „ჩიხურას“ (2013-14) ფორმით) და ჩრდილომაკედონიურვარდარში“ (2017), კონფერენს ლიგაზე კი გოლით ბათუმის „დინამოს“ (2021-22) დაეხმარა.