ჯაბა ფუტკარაძე - აჭარის მთავრობის მიმართ არსებული ვალდებულებები ყველა კომპანიასა და კერძო სექტორის წარმომადგენელს ოთხი თვით გადაუვადდა
ჯაბა ფუტკარაძე - აჭარის მთავრობის მიმართ არსებული ვალდებულებები ყველა კომპანიასა და კერძო სექტორის წარმომადგენელს ოთხი თვით გადაუვადდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ არსებული ვალდებულებები ოთხი თვით გადაუვადდა ყველა კომპანიასა და კერძო სექტორის წარმომადგენელს.

მისივე თქმით, აჭარის საკუთრებაში მყოფი ობიექტები იჯარის გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლდნენ.

„როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე აჭარის მთავრობასაც აქვს ორი უმთავრესი ამოცანა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი მოსახლეობა ჯანმრთელ მდგომარეობაში, მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნოთ ბიზნესი, ეკონომიკა იმ დონემდე, რომ შემდგომში მოგვეცეს პოსტვირუსულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ განვითარების საშუალება. ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ინიციატივა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

უნდა აღვნიშნო, რომ განკარგულების ჭრილში, პრაქტიკულად ოთხი თვით გადაუვადდა ყველა კომპანიასა და კერძო სექტორის წარმომადგენელს აჭარის მთავრობის და ამ შემთხვევაში ძირითადად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ არსებული ვალდებულებები, აგრეთვე აჭარის საკუთრებაში მყოფი ობიექტები იჯარის გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლდნენ. ეს ეხება ძირითადად ბულვარში მდებარე ობიექტებს და აგრეთვე ე.წ. ხოფას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიას“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.