ზურაბ აზარაშვილი - რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურობით გამოირჩევა
ზურაბ აზარაშვილი - რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურობით გამოირჩევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულების მკურნალობა სათანადოდ უზრუნველყოს.

მისივე თქმით, შეუკვეთეს და რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, როგორც მინისტრი ამბობს, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ.

„დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

დატოვე კომენტარი