იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი ​დააჯარიმეს
იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი ​დააჯარიმეს

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს, – ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა მ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როცა იგი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს“, – აღნიშნავენ უწყებაში.