იზიუმის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ ქალაქში რუსეთის ოკუპაციის შედეგად სულ მცირე ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი კი განადგურდა
იზიუმის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ ქალაქში რუსეთის ოკუპაციის შედეგად სულ მცირე ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი კი განადგურდა

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსეთის ოკუპაციის შედეგად სულ მცირე ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ქალაქის ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი განადგურებულია. ამის შესახებ იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, მაქსიმ სტრელნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„10 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით იზიუმის თავზე კვლავ აღიმართა უკრაინის დროშა. ახლა დროშა ჩნდება ყველა სახლის თავზე, საქალაქო საბჭოს შენობაზე, ხარკოვის ოლქის ყველაზე მაღალ წერტილზე – კრემენცის მთაზე. იზიუმში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სტაბილიზაციური ღონისძიებები, რომლებსაც შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ, რომ მთავრობამ და გენერალურმა შტაბმა შეძლონ ამ კარგი ამბის ოფიციალურად გამოცხადება, რომელსაც ჩვენ ყველა ასე ველოდით“, – განაცხადა სტრელნიკოვმა.

​მისი თქმით, ქალაქი იზიუმი საომარი მოქმედებების შედეგად ძალიან დაზარალდა.

„როგორც აღნიშნა იზიუმის მერმა ვალერი მარჩენკომ, ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი განადგურებულია. ეს არის კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და საწარმოები, სახელმწიფო დაწესებულებები, კომუნალური დაწესებულებები, ასევე სამრეწველო ობიექტები. ეს სრული სიმართლეა. სამწუხაროდ, ქალაქი დანგრეულია. ყველაზე საშინელი ის არის, რომ წინ ზამთარია, გათბობის ცენტრალური სისტემა კი განადგურებულია“, – განაცხადა დეპუტატმა.